• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქართული დელეგაცია 2018 წლის დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს დაესწრო

ქართული დელეგაცია 2018 წლის დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს დაესწრო, რომელიც გენდერულ თანასწორობას, კერძოდ, ქალთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩართულობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა.

ღონისძიებას, რომელიც სტრასბურგში, ევროპის საბჭოში გაიმართა, სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შედიოდნენ, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ორგანიზებით გამართულ სასწავლო ღონისძიებებში, ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ სემინარებში მიიღო მონაწილეობა.

პლენარულ სესიაზე, რომელიც აღნიშნული ფორუმის ფარგლებში მოეწყო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ასოციაციის პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ქართულმა დელეგაციამ ფორუმის დასკვნით ნაწილშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრი - ლაშა ჭიჭინაძე პრეზენტაციით წარსდგა.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენელმა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ორგანიზაციის როლის ჩართულობას გაუსვა ხაზი.

პრეზენტაცია ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც საქართველოსა და უკრაინის დელეგაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

ვიზიტის დასასრულს ქართული დელეგაცია საქართველოს ელჩის წარმომადგენელს სტრასბურგში - კონსტანტინე კვაჭახიძეს შეხვდა.

ოთხდღიანი ფორუმი 22 ნოემბერს დასრულდა.

 

იხილეთ ფოტო ალბომი