საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR -ში ეროვნული კოორდინატორი და გენდერის ექსპერტი- ნათია ღვინაშვილი, ვებინარში - ,, დემოკრატიული საუბრები – საქართველო: ქალები პოლიტიკაში – 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები და მათ მიღმა", სპიკერად მიიწვიეს.
ონლაინ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოში შვედეთის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის (GFSIS) ინიციატივით მოეწყო, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის და მის შემდგომ, ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, პოლიტიკური პარტიების მიერ ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისა და გაზრდის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.
ნათია ღვინაშვილმა დამსწრე საზოგადოებას თვითმმართველ ერთეულებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით, დანახული პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც ათეა-ს წარმომადგენელმა განმარტა, 17 წლის წინ, ევროსაბჭოს კონგრესისა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნებული ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ადგილობრივი დემოკრატიის სრულყოფა და მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზეც ხორციელდება.
,,მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი და ფუნდამენტური მნიშვნელობის გასაღები თანასწორობის მიღწევაშია, რადგან, დემოკრატიის შენების პროცესში, სწორედ თანასწორობა იძლევა შედეგს, რომელიც ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს ყველა დემოკრატიისთვის. ხოლო იმისთვის, რომ ეს უფლება რეალიზდეს, მისი აღიარება არა მხოლოდ კანონით უნდა განხორციელდეს, არამედ ეფექტურად უნდა იქნას გამოყენებული ყველა ცხოვრებისეულ ასპექტში”, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი, რომლის ფარგლებშიც, ათეა-ს ადვოკატირების შედეგად, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ“ ევროპულ ქარტიას უკვე 18 ქართული მუნიციპალიტეტი შეუერთდა. ახლო მომავალში კი, დოკუმენტს, კიდევ 3 მუნიციპალიტეტი მოაწერს ხელს.
გენდერის ექსპერტმა ვებინარის მონაწილეებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის შესახებაც და აღნიშნა, რომ გენდერული ბალანსის მისაღწევად, სახელმწიფოების მხრიდან აუცილებელია მეტი რესურსის ჩადება განათლებაში, რაც დროთა განმავლობაში, გენდერული ბალანსის დამკვიდრების პროცესს უფრო ეფექტიანს გახდის.
,,არა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მეტი ქალის არჩევის და კვოტირების ეფექტიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საარჩევნო სიაში კანდიდატთა ადგილების გადანაწილების წესის დაცვა. შესაბამისად მიმაჩნია, რომ პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი: საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პარტიების მზაობა, შეცვალონ არსებული ვითარება.
ცალსახად პოზიტიურია სავალდებულო კვოტა, რის შესახებაც მეტყველებს საერთაშორისო პრაქტიკა და მივესალმები ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. თუმცა, ამავდროულად ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პარტიები, ასევე, ფოკუსირებულიყვნენ ე.წ. ნებაყოფლობით კვოტაზეც. ვფიქრობ, რომ ამ მექანიზმების სინერგიით, ბევრად ეფექტიანად დავძლევდით არსებულ სტრუქტურულ, ინსტიტუციონალურ თუ კულტურულ ბარიერებს”, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად, ასევე ეფექტიანი იქნება სამართლებრივი სანქციების არსებობა, რაც კანონის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საარჩევნო სიების რეგისტრაციაზე უარის თქმას გულისხმობს.
მოხსენების დასასრულს, ათეას წარმომადგენელმა საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა, შეხვედრის ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
ვებინარში, რომელიც მოხსენებების შემდეგ, დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას.
►იხილეთ ფოტო გალერეა