• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

GIZ -ის მხარდაჭერით ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტი იწყება

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და გენდერის ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტთან - შორენა კოჭლამაზიშვილთან ერთად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტს უხელმძღვანელებს.

საგრანტო კონკურსი, რომელიც ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.

როგორც ნათია ღვინაშვილმა განმარტა, საწყის ეტაპზე, დაგეგმილია სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომლებიც მუნიციპალიტეტების, როგორც მერიებისა და საკრებულოების, ისე არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული.

,,ადგილობრივ დონეზე ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას, უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის მაქსიმალური ჩართულობა, რადგან მხოლოდ ასეთი კოორდინირებული თანამშრომლობითაა შესაძლებელი მაქსიამლური ეფექტის მიღწევა და რაც მთავარია, მდგრადობის უზრუნველყოფა. ამიტომ, ჩვენთვის, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის ხელშეწყობის მხრივ, პრიორიტეტს წარმოადგენს პროცესის ისე წარმართვა, რომ ინსტიტუციონალიზაციის გზით, მაქსიმალურად ვუზრუნველვყოთ პროექტის ეფექტიანობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მუნიციპალიტეტის მხრიდან გამოთქმული მზაობისა და ერთსულოვანი მიდგომის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივით შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პროექტის ყველა საფეხურზე იქნებაიან ჩართულნი დასახული ამოცანებისა და გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ჯგუფები პროექტის დასრულების შემდგომაც არ შეწყვეტს საქმიანობას და მხარს დაუჭერს საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში განსახორციელებელ სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლებიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით განხორციელდება“, -განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

სენაკისა და ონის მუნიციპალიტეტებში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების პირველი ეტაპი, რომელიც თვითმმართველ ერთეულებში სპეციალური დებულებების შემუშავებასა და საინფორმაციო კამპანიის გამართვას, ასევე, ბიზნესის იდეების შერჩევას, ბიზნესის გეგმის შესადგენად ტრენინგების ჩატარებასა და საველე მონიტორინგის განხორციელებას მოიცავს, ორი თვის მანძილზე გაგრძელდება. თავად პროექტი კი, მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.