• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში შექმნილი - გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.

ონლაინ ღონისძიებაში, რომელიც ათეა-ს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ გახსნა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დარგის ექსპერტები და მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ასევე, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

გიორგი ტყემალაძესთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა - მარიამ ლაშხმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის დროებითმა წარმომადგენელმა საქართველოში - თამარ საბედაშვილმა.

გამომსვლელებმა მუნიციპალიტეტების პოლიტიკის დაგეგმვისას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრირების პროცესში ათეა-ს აქტიურ ჩართულობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნული სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც მათივე განცხადებით, თვითმმართველ ერთეულებს დაეხმარება ეროვნულ და საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმები, რაც ასევე, ადგილზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხებს.

სხდომას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი საქართველოდან - ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია წარუდგინა და სხდომის მონაწილეებს აღნიშნული დოკუმენტის შემუშავების პრინციპები და ეტაპები გააცნო.

 ნათია ღვინაშვილმა დეტალურად ისაუბრა სახელმძღვანელოს ამოცანებსა და სამოქმედო გეგმების შემუშავების ეტაპებზე და განმარტა, რომ დოკუმენტი, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებსა და პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა.

მანვე ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პრიორიტეტებს და დასძინა, რომ სახელმძღვანელოში მოყვანილი ინსტრუქციები სარეკომენდაციო ხასიათის ატარებს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ადვოკატირების შედეგად, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას კიდევ სამი მუნიციპალიტეტი შეურთდა, რომლებმაც დოკუმენტს ონლაინ რეჟიმში მოაწერეს ხელი.

თანასწორობის ქარტიაზე ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ, შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დღესვე, ნათია ღვინაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს პროექტის- „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია" ფარგლებში დამზადებული ვებ-პორტალიც წარუდგინა, რომლის მიზანსაც კოორდინაციის გაძლიერებისა და კარგი პრაქტიკის უერთიერთგაზიარების გზით, თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობისა და გენდერული მეინსტრიმინგის მექანიზმების მხარდაჭერა და ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის განხორციელება წარმოადგენს.

შეხვედრა, რომელსაც ასზე მეტი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

იხილეთ ფოტო გალერეა