• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

GIZ მხარდაჭერით მიმდინარე საგრანტო კონკურსის ვადა 8 ივლისამდე გახანგრძლივდა

მოსახლეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ვადა კიდევ 7 დღით გახანგრძლივდა და 8 ივლისს დასრულდება.

პროექტი ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა’’, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) წევრ ორ სამიზნე მუნიციპალიტეტს, ონსა და სენაკს მოიცავს, ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

როგორც პროექტის ხელმძღვანელებმა, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა - ნათია ღვინაშვილმა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტმა - შორენა კოჭლამაზაშვილმა აღნიშნეს, ქალთა მიერ წარმოდგენილ ბიზნეს იდეებს, მათთან ერთად, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისია შეარჩევს.

ექსპერტების განცხადებით, ასევე დაგეგმილია ტრენინგების ციკლი, რომლებიც ქალებს ბიზნეს გეგმის შედგენასა და იდეის განსახორციელებლად საჭირო მექანიზმების შემუშავებაში დაეხმარება.

შემდეგი ეტაპი კი, საველე მონიტორინგს მოიცავს, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მხოლოდ ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული 18 წელს მიღწეული ქალები ჩაერთვებიან, საბოლოოდ კი, გრანტს კონკურსის მინიმუმ 10 მონაწილე მიიღებს.

საგრანტო კონკურსი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.


იხილეთ საგრანტო პროგრამა

იხილეთ ბიზნეს იდეის განაცხადის ფორმა