ადგილობრივ დონეზე გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობის მიზნით, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგრანტო კონკურსის შეფასების კომისიამ პირველი სხდომა გამართა.
როგორც ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, GIZ-ის მიერ მოწვეულ ექსპერტებთან, კერძოდ, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, CEMR-ში ეროვნულ კოორდინატორთან და ექსპერტთან - ნათია ღვინაშვილთან და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტთან - შორენა კოჭლამაზაშვილთან ერთად, სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ქალების განაცხადებს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე - ნინო წილოსანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსი - თეა ლოლაძე, ასევე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი - დავით ხოსრუაშვილი, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) პროექტის-„აღმოსავლეთ პარტნიორობა დეცენტრალიზებული თანამშრომლობისა და განვითარების გზით“ კოორდინატორი - ბელა ცხელიშვილი, ევროპის საბჭოს კონგრესში ევროპული ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი - ნინო ზურაბიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ანალიტიკოსი - ანა ფაშალიშვილი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ექსპერტი, მართვისა და გადაწყვეტილებების ჰაბის დირექტორი - ზვიად არჩუაძე და ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში- კახა გურგენიძე შეაფასებენ.
სხდომაზე, რომელსაც ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა, მზია გიორგობიანთან და (GIZ) პროგრამის - ,, კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში (GGLD) მრჩეველთან - რუსუდან აბულაშვილთან ერთად გახსნა.
მათი განცხადებით, პროექტი, რომელიც ქალთა მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, კიდევ უფრო გააძლიერებს ადგილობრივ დონეზე არსებულ ინსტიტუციებსა და გენდერული მეინსტრიმინგის მიმართულებებს, რაც პირველ რიგში მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე აისახება.
ნათია ღვინაშვილმა და შორენა კოჭლამაზაშვილმა პროექტის მიზნებზე, საგრანტო კონკურსის ეტაპებზე, ასევე, სამიზნე მუნიციპალიტეტებში სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების ფუნქციებსა და პროექტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმებზე ისაუბრეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.
კომისიის წევრებმა საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები წარმოადგინეს და საკონკურსო გზამკვლევთან დაკავშირებული ინიციატივების დეტალურად განხილვის მიზნით, მომდევნო შეხვედრის თარიღზე შეთანხმდნენ, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრა ათეა-ს წარმომადგენელმა შეაჯამა. ნათია ღვინაშვილის განცხადებით, ასეთი წარმომადგენლობითი კომისიის ჩამოყალიბება, პირველ რიგში კონკურსის შეფასების ობიექტურობასა და გამჭვირვალობას, შემდგომ კი, მისი სწორად და კვალიფიციურად წარმართვას შეუწყობს ხელს.
საგრანტო პროგრამა, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება, რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ ონისა და სენაკის თვითმმართველ ერთეულებში, როგორც მერიებისა და საკრებულოების, ისე არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. ასევე, აქტიურ ფაზაშია საინფორმაციო კამპანია, რომელიც ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სოციალური ქსელის გარდა, დაინტერესებულ აუდიტორიასთან პირისპირ შეხვედრების მეშვეობითაც ხორციელდება.
შემდეგი ეტაპები ბიზნეს პროექტების შესადგენად ტრენინგების ციკლს, საველე მონიტორინგსა და გამარჯვებული ბენეფიციარების გამოვლენას მოიცავს.
პროგრამის მიხედვით, გრანტს კონკურსის მუნიმუმ 10 მონაწილე მიიღებს.