• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ათეა ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის ტრენინგებს განაგრძობს

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისთვის ტრენინგებს განაგრძობს.

დასავლეთ საქართველოს შემდეგ, ორდღიანი სასწავლო კურსი აღმოსავლეთ საქართველოს თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვისაც მოეწყო, რომლის ძირითადი ნაწილიც ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივად შემუშავებული გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების დამხმარე სახელმძღვანელოს მიზნებსა და ძირითად პრინციპებზე მსჯელობას დაეთმო.

ტრენინგის დაწყებამდე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში გენდერის ექსპერტმა, ასევე, პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა - ნათია ღვინაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის -,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში’’ ანალიტიკოსმა - თამარ ვაშაკიძემ.

ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, აღნიშნული სასწავლო კურსი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას და შედეგად, თვითმმართველი ერთეულების სპეციფიკაზე მორგებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმების შემუშავებას ისახავს მიზნად.

მათივე განცხადებით, ათეა, როგორც ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტის გამაერთიანებელი ქოლგა ორგანიზაცია, ასევე, უშუალოდ იქნება ჩართული დოკუმენტის შემუშავების პროცესშიც.

ტრენინგის პირველი ნაწილი საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შეფასებასა და აღნიშნულ ჭრილში საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების მიმოხილვას, ასევე მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების ეტაპებზე მსჯელობას დაეთმო, რის შემდეგაც, შეხვედრა მონაწილეების ჩართულობით, პრაქტიკული სამუშაოები ფორმატში წარიმართა.

სემინარი, ნათია ღვინაშვილმა და თამარ ვაშაკიძემ შეაჯამეს და ტრენინგის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ტრენინგი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოდან თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი 11 მუნიციპალიტეტისთვის გაიმართა, ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - ,, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში მოეწყო და მასში ასოციაციის აპარატის თანამშრომლები, დარგის ექსპერტები და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა. ტრენინგების ციკლი სამომავლოდ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

 

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტო გალერეა