• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

საკონსულტაციო შეხვედრა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე და დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მხარდაჭერით, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე და დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით მოეწყო, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესაბამისად, ახალი, 2021-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პრინციპებზე მსჯელობას დაეთმო.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მას ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსი - თამარ ლობჯანიძე და ორგანიზაციის კონსულტანტი - მაკო ავალიანი უძღვებოდნენ.

როგორც ნათია ღვინაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ეფექტიანი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად მნიშვნელოვანია თემატური მუნიციპალიტეტების ჩართულობა, აღნიშნული შეხვედრა კი, სწორედ მონაწილეობით პროცესს უწყობს ხელს.

,,როგორც მოგეხსენებათ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობამ მეოთხე, 2021-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წარმოდგენილნი იყვნენ მუნიციპალიტეტები. აღნიშნული ხასიათის შეხვედრა კი, შესაძლებლობას მოგვცემს, ერთობლივად გამოვკვეთოთ ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები და სამომავლო პრიორიტეტები. ასევე, განვსაზღვროთ ახალი მიმართულებები, რომლებიც მუნიციპალიტეტების შესაძლებლობაზე და ვალდებულებებზე დაყრდნობით იქნება გათვლილი, რამეთუ უმნიშვნელოვანესია, რათა ეროვნული სამოქმედო გეგმა პირველ რიგში იყოს რეალისტური“,- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა და აღნიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტებს გეგმის შესრულების ბევრი კარგი მაგალითი აქვთ.

შეხვედრის ძირითადი ნაწილი ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, წყალტუბოს, საჩხერეს, ონისა და მესტიის, ასევე, ყაზბეგის, ხაშურის, გორის, კასპის, ქარელის, მარნეულის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლების გამოსვლებს დაეთმო, რომლებმაც წინა სამოქმედო გეგმის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს.

მოგვიანებით, შეხვედრამ დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა, სადაც მონაწილეებმა ახალ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და ის წინადადებები განიხილეს, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტით უნდა განისაზღვროს.

პროცედურის თანახმად, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას წარედგინება, დოკუმენტის საბოლოო განხილვა კი, 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.