• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ნათია ღვინაშვილი: ათეა გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესშიც აქტიურად იქნება ჩართული

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში, წევრი მუნიციპალიტეტების კოორდინაციის გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, შეხვედრა ონლაინ რეჟიმში წარიმართა და მას თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი იმ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვთ ან უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, CEMR-ში გენდერის ექსპერტისა და ასევე, პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის განმარტებით, ორგანიზაცია, რომელმაც გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო შეიმუშავა, ჩართული იქნება უშუალოდ დოკუმენტის შემუშავების პროცესშიც.

,,ჩვენი ასოციაციის მიზანს მუნიციპალიტეტებში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტების დოკუმენტის შექმნა წარმოადგენდა, რისთვისაც შევიმუშავეთ დამხმარე სახელმძღვანელო, თვითმმართველი ერთეულებისთვის მოვაწყეთ პრეზენტაცია და გავმართეთ სასწავლო სემინარები, სადაც თანასწორობის ევროპულ ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად ვიმსჯელეთ სახელმძღვანელოს მიზნებსა და ძირითად პრინციპებზე. აღნიშნული ტრენინგების შემდგომი ეტაპი დოკუმენტის შემუშავებას ეთმობა, რაშიც ათეა, ასევე, აქტიურად იქნება ჩართული და ყველა მუნიციპალიტეტს დაუჭერს მხარს მათ სპეციფიკაზე მორგებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შედგენაში“, - განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის -,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში’’ წარმომადგენელმა - მარიამ ჯობავამ, რის შემდეგაც, შეხვედრამ კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში გადაინაცვლა.

დღესვე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, გენდერული თანასწორობის მიმართულებით, საკუთარ თვითმმართველ ერთეულებში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს და კოლეგებს კარგი პრაქტიკის მაგალითები გაუზიარეს.

შეხვედრა, რომელიც ათეა-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის - ,, გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში მოეწყო, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის - „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.