გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მიმდინარე პროექტი მეორე ეტაპზე გადადის, რაც სამიზნე, კერძოდ კი, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები გამარჯვებული ქალებისთვის საჭირო ინვენტარით აღჭურვასა და შემდგომ მონიტორინგს ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტს კვლავ GIZ-ის მიერ მოწვეული ექსპერტები, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი - შორენა კოჭლამაზაშვილი ხელმძღვანელობენ, რომლებიც პირველი ეტაპის მსგავსად, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესში.
როგორც ექსპერტებმა განმარტეს, პროცედურების თანახმად, პროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია შეუერთდა, რომელმაც საჭირო ინვენტარის შესაძენად, GIZ-ის მხარდაჭერით, ტენდერი ორი მიმართულებით - საწარმოო ტექნიკისა და ხელსაწყოების, ასევე ავეჯის შესყიდვაზე გამოაცხადა. მათივე თქმით, სატენდერო პირობების მიხედვით შერჩეული ორგანიზაციები ინვენტარს უახლოეს მომავალში შეიძენენ, რის შემდეგაც, აღნიშნული ნივთები კონკურსის გამარჯვებულებს ადგილზე მიეწოდებათ.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის საგრანტო კონკურსი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა და მასში 11 - მა ბენეფიციარმა გაიმარჯვა, რომლებიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული ქალების ბიზნეს გეგმების უმრავლესობას ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენდა, რაც კონკურსის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად განიხილებოდა.
პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ისეთ პროექტებზე გამახვილდა, რომლებიც შიდა მიგრაციის შემცირებას, მუნიციპალიტეტებში დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას, ასევე, ტურიზმის, აგროსექტორისა და სხვა მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.