საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა - დავით მელუამ, მოადგილესთან - ნათია ღვინაშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და პრაქტიკის ინტეგრირების მიზნით, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გამოცხადებული კონკურსის თემის დეტალურ განხილვას დაეთმო.
ონლაინ შეხვედრა, რომელსაც ნათია ღვინაშვილი უწევდა მოდერაციას, დავით მელუამ, კონგრესის თანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსთან - მარიტე მორასთან ერთად გახსნა.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ათეა-ს ხელმძღვანელმა, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესში თვითმმართველობების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონგრესის წარმომადგენლებს, ევროსაბჭოს ღირებულებებისა და პრინციპების ადგილობრივ დონეზე დანერგვისა და გაძლიერებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ღონისძიების მეორე ნაწილი, კი პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, პრეზენტაციასა და ტექნიკური დეტალების განხილვას დაეთმო, რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის მენეჯერმა - ნინო ცაგარეიშვილმა და ასისტენტმა - დიანა ენდელაძემ წარმოადგინეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 15-მდე მუნიციპალიტეტი, რომლებიც ადგილობრივ დონეზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, სოციალური ინკლუზიის, თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებებით დაგეგმილ აქტივობებში ჩაერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომელსაც ევროპის საბჭო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) თანამშრომლობით ახორციელებს, შვიდ სამიზნე რეგიონს - სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლს, კახეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, ასევე, იმერეთს, გურიას და თბილისს მოიცავს.
იხილეთ ფოტო გალერეა