• სამუშაო საათები
    ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
  • თბილისი 0159, ა. ბელიაშვილის ქ. 142
    gender@nala.ge

ქალთა ისტორიები, რომლებსაც საგრანტო კონკურსი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაში ეხმარება

ქალთა ისტორიები, რომლებსაც საგრანტო კონკურსი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაში ეხმარება

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და კონტრაქტორი არასამთავრობო ორგანიზაციის (სათეფა) მჭიდრო თანამშრომლობით, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ქალებს, საკუთარი იდეების განხორციელებაში დაეხმარა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით გაიმართა, ბენეფიციარებისთვის  ბიზნეს - გეგმის წერის მასტერკლასის ჩატარებასა და თითოეული გამარჯვებულისთვის, 2000 ევროს ღირებულების საწარმოო ინვენტარის გადაცემას გულისხმობდა.

ონის მკვიდრი გვანცა ხომასურიძე GIZ -ის კონკურსის ყველაზე პატარა გამარჯვებულია, მან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა და კვლავ მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა.

სანამ საკუთარი პროფესიით დასაქმდება, საოჯახო სასტუმროს მოწყობა გადაწყვიტა და ოჯახის წევრების დახმარებით ნელ-ნელა დაიწყო სახლის მოპირკეთება, თუმცა მოძველებული ინვენტარის გამო, ტურისტებს ჯეროვან მომსახურებას ვერ სთავაზობდა. ახალი ავეჯის ყიდვას კი, გარკვეული ფინანსური სახსრები სჭირდებოდა, რაც კიდევ უფრო აფერხებდა იდეის განხორციელებას.

,,როდესაც GIZ -ის კონკურსის შესახებ შევიტყვე, გამოუცდელობის გამო მონაწილეობის მისაღებად თავს ვიკავებდი, თუმცა ბიზნეს-გეგმის წერის სასწავლო კურსმა სტიმული მომცა და დღეს უკვე პროგრამის გამარჯვებული ვარ. განაცხადის შეტანიდან ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. უკვე ყველა საჭირო ინვენტარი მაქვს და მზად ვარ ტურისტების მისაღებად. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ პროექტის წერა ვისწავლე და სხვა საგრანტო კონკურსებშიც თამამად ჩავერთვები “- განაცხადა გვანცა ხომასურიძემ.

პირველი ბიზნეს გეგმა, ასევე GIZ -ის მიერ ჩატარებული სასწავლო კურსის დახმარებით დაწერა სენაკის მკვიდრმა - გურანდა მირგატიამ, რომელიც პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერია, თუმცა უკვე 4 წელია ხელნაკეთ ნივთებს ქმნის და სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებში მონაწილეობს.

გურანდამ, პირველად საკუთარი დიზაინით, საახალწლო დეკორაციები შექმნა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ახალგაზრდა დიზაინერს, აღდგომის დღესასწაულისთვის თემატური ნივთების დამზადება გადააწყვეტინა.
მანვე, მალევე აქსესუარების თემატიკაზეც დაიწყო ფიქრი და ტყავზე მუშაობა გადაწყვიტა.

,,სათამაშოებისა და სამკაულების შექმნის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი გამეფართოებინა ჩემი ბიზნესი და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შემეთავაზებინა. 
ყოველთვის მაინტერესებდა ტყავთან მუშაობა და რამდენიმე ნივთიც გავაკეთე, თუმცა ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად სპეციალური დანადგარი და ხელსაწყოები მჭირდებოდა, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.
GIZ -ის საგრანტო კონკურსის შესახებ ბოლო დღეს გავიგე, იდეა, რომელიც სულ თავში მიტრიალებდა მალევე ჩამოვაყალიბე, თუმცა ბიზნეს გეგმა არასოდეს დამიწერია, რაშიც ძალიან დამეხმარა სპეციალური ტრენინგი და შემდგომი კონსულტაციები.
აღნიშნულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში და შესაძლოა კიდევ გავაფართოვო ჩემი საქმიანობა. ამ ეტაპისთვის კი, უკვე ვგეგმავ ერთი ადამიანის დასაქმებას, რომელიც საყვარელი საქმის კეთებაში დამეხმარება“, - აღნიშნა გურანდა მირგატიამ, რომელსაც გრანტის ფარგლებში ტყავის საკერავ მანქანასთან ერთად, აღნიშნულ მატერიაზე სამუშაოდ განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყოები გადაეცა.

ასევე, საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა და რამდენიმე ადამიანის დასაქმებას გეგმავს თეონა მაისურაძეც, რომელსაც GIZ -ის პარტნიორმა ორგანიზაციამ (სეთეფა) სილამაზის სალონისთვის, მისივე შერჩეული ინვენტარი, მათ შორის, პროფესიონალური ფენი, თავის დასაბანი ნიჟარა, სავარძელი და კარადები გადასცა.

როგორც თეონამ აღნიშნა, ონში და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ გოგოებს თმის ვარცხნილობის გასაკეთებლად სხვა მუნიციპალიტეტში უწევდათ სიარული, ამიერიდან კი, მათ უკვე, პირადად მოემსახურება.

,, ბავშვობის ოცნება იყო ლამაზი ვარცხნილობები მეკეთებინა დ 2012 წელს სტილისტის კურსებიც გავიარე, თუმცა, საჭირო ინვენტარი არ მქონდა და ჩემს საქმიანობას მხოლოდ მეგობრების წრეში ვახორციელებდი. ახლა, როდესაც უკვე კეთილმოწყობილი სალონი მაქვს, ვგეგმავ, მოვიწვიო მანიკიურისა და სამკურნალო მასაჟის სპეციალისტები. ასევე ვაპირებ მოსწავლეების აყვანას, რომლებსაც შემდგომ ჩემს სალონშივე დავასაქმებ“,- განაცხადა სოფელ ღარის მკვიდრმა, თეონა მაისურაძემ.

GIZ -ის საგრანტო კონკურსი, ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაში ონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მრავალშვილიან ოჯახსაც დაეხმარა.

ლალი ნაცვლიშვილი, რომელსაც 2 წლის წინ საფრანგეთიდან დეპორტაცია შეეხო, მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად რაჭაში დაბრუნდა და ერთი საცხობი აპარატით გამომცხვარი პურის რეალიზება დაიწყო.

,,იდეა, რომელიც აღნიშნული პროგრამის დახმარებით განვახორციელე, აპარატის მოხმარების პირველივე დღიდან გამიჩნდა. საღამოობით, როდესაც მაღაზიები იკეტება, ონში პურის ყიდვა ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე დავიწყე პროდუქტის რეალიზება. ძალიან მალე შეკვეთებმა იმატა, თუმცა ერთი საცხობი აპარატით დღე-ღამეში მხოლოდ 6 პურის გამოცხობას ვახერხებდი. დღეს უკვე 10 აპარატი მაქვს, რაც საშუალებას მაძლევს 24 საათში 60  პური გამოვაცხო“, - აღნიშნა ლალი ნაცვლიშვილმა.

პროექტს -„ქალთა ბიზნესის მხარდაჭერა“ რომელიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში 5 ივნისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა, GIZ-ის მიერ მოწვეული ექსპერტები, ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი - ნათია ღვინაშვილი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი - შორენა კოჭლამაზაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ორივე მუნიციპალიტეტში გრანტის სახით სულ 75 105 ლარი გაიცა,

საგრანტო კონკურსი, რომელიც მუნიციპალიტეტებში ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში განხორციელდა.

                                                       

​სტატია მომზადებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) - ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივი მხარის სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე.