ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
,,კვირა” დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებები ტარდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღნიშნული მიმართულებით და გთავაზობთ ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის – გიორგი ღურჯუმელიძის ინტერვიუს.
ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერული მიმართულება მუნიციპალიტეტებისთვის, კერძოდ კი – ოზურგეთისთვის?
ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მდგრადი ინსტიტუციური, სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების შექმნა არის ის ძირითდი ამოცანები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია თვითმმართველობის ორგანოებისა და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის ჩართულობით.
ამ მიზნების მისაღწევად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა გენდერული თანასწორობის საბჭო. ვფიქრობ, მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მონაწილეობა საბჭოს მუშაობაში, ხაზს უსვამს საკითხის მნიშვნელობას. ამავე ფორმატში, ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების დახმარებით, აქტიურად ვცდილობთ დასახული მიზნების რეალიზებას. შემუშავებული და დამტკიცებული გვაქვს საბჭოს სამოქმედო გეგმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება.
კონკრეტულად, რა ღონისძიებებს ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გენდერული თანასწორობის მიმართულებით?
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუშაობა გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ბიუჯეტის ფორმირების პროცესში იმ ინიციატივების ასახვა, რომლებიც გენდერული პოლიტიკის განვითარებას უწყობს ხელს.
– ბიუჯეტში აისახა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის/ სავარაუდო მხვერპლთათვის დახმარების პროგრამა;
– ჩატარდა ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამების ანალიზი, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით;
– მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობაში, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, შევქმენით ქალთა ოთახი, რომელიც, როგორც ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი, ხელს შეუწყობს გენდერული პოლიტიკის გატარებას მუნიციპალიტეტში.
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ვახორციელებთ რამდენიმე პროგრამას, მათ შორისაა, სოფლად მცხოვრები ქალების საქმიანობის ხელშეწყობა/პოპულარიზაცია და მეწარმე ქალთა ფორუმი.
ამ მხრივ აღსანიშნავია ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით განხორციელებული არაერთი აქტივობა. მათ შორის, მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი, რომელიც, საკრებულოს ქალი წევრების ორგანიზებით, ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ასევე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებაზე ქალ მეწარმეებს საშუალება მიეცათ, ინფორმაცია მიეღოთ დაფინანსებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა – „აწარმოე საქართველოში“, “ევროპის ფონდი”, სავაჭრო პალატა, გლობალ ბენეფიტ ჯორჯია, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სხვა.
ეს იყო მართლაც კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ურთიერთთნამშრომლობით, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით განვახორციელოთ პროექტი, რომელიც გურიის რეგიონის მასშტაბით, მეწარმე ქალებისთვის მცირე და საშუალო ბიზნესში ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობას, ერთიანი ქსელის შექმნას, ასევე, ბიზნესის დაფინანსების, რეგულაციებისა და სიახლეების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. პროექტის ფარგლებში მეწარმე ქალებისთვის ჩატარდა ტრენინგები და გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გაიცა მცირე გრანტები.
რა გეგმები აქვს მუნიციპალიტეტს სამომავლოდ?
საკრებულო, როგორც მუნიციპალური პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო, სამომავლოდ, ასევე გეგმავს დანერგოს მისაღები სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ბიუჯეტის, გენდერული ექსპერტიზის სისტემა.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულობა, ქალთა უფლებებზე, გენდერულ საკითხებზე ერთი კონკრეტული პროგრამით არ შემოიფარგლება. საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, საზოგადოების ფართო სპექტრის მონაწილეობით, ხელს უწყობს მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაღმავებასა და კონსოლიდაციას. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მუნიციპალიტეტმა კონკრეტული პროექტების განხორციელების პარალელურად, უნდა გააქტიუროს ამ მიმართულებით მუშაობა, რაც ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის. ადრეული ქორწინების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ასევე მოხუცებულთა, ბავშვთა უფლებების და სხვა მიმართულებით უფრო აამაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას და შეამცირებს უარყოფით შედეგებს, რაც ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.
რა რესურსებს იყენებთ აღნიშნული გეგმების განსახორციელებლად?
როგორც უკვე აღვნიშნე, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, რადგან თვითმმართველობის ორგანოებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობით შემუშავებული პროექტები და პროგრამები ძალიან ეფექტურია.
მე ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი უკვე დავასახელე, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით განვახორციელეთ. აღნიშნულ ორგანიზაცისათან, კიდევ ერთი წარმატებული პროექტის „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში ვთანამშრომლობთ, რომელიც მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით არსებული ეროვნული თუ საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანად განხორციელების მიზანს ემსახურება. დონორი ორგანიზაციები არის ის დამატებითი რესურსი, რაც გვეხმარება მიზნების რეალიზებაში. აღვნიშნავ, იმასაც, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროპულ ქარტიას „ადგილობრიც ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ რომლის სრული იმპლემენტაცია უზრუნველყოფს, სწორედ, ადგილობრივ დონეზე ამ დასახული მიზნების შესრულებას. ზოგადად, საზოგადოების სრული კონსოლიდაცია ამ საკითხის ირგვლივ არის პოზიტიური შედეგის გარანტი.
პორტალი ,,კვირა"