თუ ფიქრობთ, რომ თქვენზე ძალადობენ, შესაბამისი დახმარება მოიძიეთ. ეს რჩევები უსაფრთხოებისა და მხარდაჭერის მიღების მითითებებს აერთიანებს.
თქვენი ეჭვები სანდო მეგობარს, ოჯახის წევრს ან მეზობელს გაუზიარეთ. მათთან ერთად, შეიმუშავეთ გეგმა, თუ როდის გჭირდებათ დახმარება. შეიძლება, გეგმის ნაწილი იყოს, მაგალითად, საიდუმლო კოდის მოფიქრება, ან რამდენიმე კოდური სიტყვა თუ წინადადება, რომელთა დახმარებითაც თქვენ მათთან უფრო უსაფრთხო კომუნიკაციას შეძლებთ.
შეიმუშავეთ გაქცევის სტრატეგია, მაგალითად, თქვით, რომ უნდა ჩახვიდეთ აფთიაქში ან სასურსათო მაღაზიაში და იქ ჩასვლისთანავე ვინმეს ტელეფონი სთხოვეთ, რათა დასახმარებლად დარეკოთ. მოიფიქრეთ სახლიდან გასვლის რამდენიმე ლეგიტიმური მიზეზი დღისა და ღამის სხვადასხვა დროისთვის, თუკი გაქცევა დაგჭირდებათ.
შეძლებისდაგვარად, ტელეფონი ყოველთვის დატენილი და ხელმისაწვდომი გქონდეთ. იცოდეთ ნომრები, რომლებზეც დასახმარებლად მეგობართან, ოჯახის წევრთან, თუ პოლიციაში უნდა დარეკოთ. თუ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გამოიძახეთ პოლიცია, ოღონდ დარწმუნდით, რომ ეს ქმედება ნამდვილად უსაფრთხოა.
შეეცადეთ ძალადობის სახის იდენტიფიცირებას. ეს მისი ესკალაციის პროგნოზირებაში დაგეხმარებათ.
შეგიძლიათ, ადგილობრივ ცხელ ხაზზე დარეკოთ და გაესაუბროთ ადამიანს, რომელიც გადამზადებულია და დახმარება შეუძლია.
ქალთა მიმართ ონლაინ ან ციფრული ძალადობა არის ძალადობის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩადენილია ქალის მიმართ იმიტომ, რომ ის ქალია და რა დროსაც ამგვარი ქმედების ძირითად, დამხმარე ან დამამძიმებელ საშუალებად გამოყენებულია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (მობილური ტელეფონები, ინტერნეტი, სოციალური მედია, კომპიუტერული თამაშები, ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.).
ონლაინ ძალადობაში შეიძლება იგულისხმებოდეს:
კიბერბულინგი
კიბერბულინგი მოიცავს დაშინების ან მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნას.
არანებაყოფლობითი სექსტინგი
არანებაყოფლობითი სექსტინგი გულისხმობს მიმღების თანხმობის გარეშე სექსუალური შინაარსის შეტყობინებების ან ფოტოების გაგზავნას.
დოქსინგი (პერსონალური მონაცემების/ინფორმაციის გასაჯაროება კიბერბულინგის მიზნით)
დოქსინგი არის მსხვერპლის შესახებ პირადი ან მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება.
ტრეფიკინგი არის ადამიანებით ვაჭრობა და მათი ექსპლუატაცია ისეთი საშუალებებით, როგორებიცაა ძალის გამოყენება, თაღლითობა, იძულება ან მოტყუება. ამ მძიმე დანაშაულის მახეში მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ქალი და გოგო ებმება, მათი დიდი ნაწილი კი სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება.
ღირსების დაცვის მიზნით მკვლელობა არის ოჯახის წევრის, როგორც წესი, ქალის ან გოგოს მკვლელობა იმ სავარაუდო მიზეზით, რომ მან ოჯახი შეარცხვინა, ან ღირსება შელახა. ამგვარი მკვლელობები ხშირად სექსუალურ სიწმინდეს, ასევე ოჯახის წევრი ქალების მიერ ოჯახის დაუმორჩილებლობას უკავშირდება.
ფემიციდი არის ქალთა განზრახ მკვლელობა იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან, თუმცა ეს ცნება შეიძლება უფრო ფართოდ იყოს განმარტებული და მან ქალების ან გოგოების ნებისმიერი სახის მკვლელობა მოიცვას. მკვლელობათა სხვა შემთხვევებისგან ფემიციდი კონკრეტული მახასიათებლებით განსხვავდება. მაგალითად, ფემიციდის შემთხვევების უმეტესობა პარტნიორების ან ყოფილი პარტნიორების მიერაა ჩადენილი და ხანგრძლივად მიმდინარე ოჯახში ძალადობას, მუქარას ან დაშინებას, ასევე სექსუალურ ძალადობას ან იმგვარ სიტუაციებს მოიცავს, როდესაც ქალებს თავიანთ პარტნიორებზე ნაკლები ძალა ან უფრო მცირე რესურსი აქვთ.
ოჯახში ძალადობა, რომელსაც ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობასაც უწოდებენ, წარმოადგენს ქცევის ნებისმიერ ტიპს, რომელსაც ინტიმურ პარტნიორზე ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვების ან შენარჩუნების მიზნით მიმართავენ. ამგვარი ძალადობა იმ ყველა სახის ფიზიკურ, სექსუალურ, ემოციურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ქმედებას ან ქმედების მუქარას მოიცავს, რომელიც სხვა პირზე ახდენს ზეგავლენას. ეს ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ქალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდიან.
ოჯახში ძალადობის სახეებია:
ეკონომიკური ძალადობა
ეკონომიკური ძალადობა არის ფინანსურ რესურსებზე სრული კონტროლის შენარჩუნება, ფულზე წვდომის შეზღუდვა ან/და სკოლასა თუ სამსახურში სიარულის ის აკრძალვა, რომლის მიზანი ფინანსური დამოკიდებულობის გამოწვევა, ან მისი მცდელობაა.
ფსიქოლოგიური ძალადობა
ფსიქოლოგიურ ძალადობაში იგულისხმება შიშის გამოწვევა დაშინებით; საკუთარი თავისთვის, პარტნიორის ან ბავშვებისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარით; შინაური ცხოველებისა და ქონების განადგურებით; მანიპულაციით; მეგობრებისგან, ოჯახისგან, სკოლის ან/და სამსახურისგან იძულებითი იზოლაციით.
ემოციური ძალადობა
ემოციურ ძალადობაში იგულისხმება ადამიანისთვის თვითშეფასების დაქვეითება მუდმივი კრიტიკით; მისი შესაძლებლობების დაკნინება; დამამცირებელი მიმართვები ან სხვა სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა; პარტნიორის ურთიერთობის გაფუჭება შვილებთან; ან პარტნიორისთვის მეგობრებისა და ოჯახის ნახვის შესაძლებლობის წართმევა.
ფიზიკური ძალადობა
ფიზიკური ძალადობის სახეებია: პარტნიორისთვის ზიანის მიყენება, ან ამგვარი მცდელობა ისეთი ქმედებებით, როგორებიცაა: ხელის დარტყმა, ფეხის კვრა, დაწვა, ხელის ტაცება, ჩქმეტა, სილის გაწვნა, თმის მოქაჩვა, კბენა, მკურნალობაზე უარი ან ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკების იძულებით მოხმარება, ან სხვა ფიზიკური ძალის გამოყენება. ფიზიკურ ძალადობაში შეიძლება შევიდეს ქონების დაზიანებაც.
სექსუალური ძალადობა
სექსუალური ძალადობა გულისხმობს პარტნიორის იძულებას, მონაწილეობა მიიღოს სქესობრივ აქტში, როდესაც ის თანახმა არ არის.